წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მოადგილე გია კვასტიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხი. აღინიშნა, რომ გრძელდება სანიაღვრე არხებისა და გზების რეაბილიტაციის პროექტები როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. თამარ მეფის ქუჩაზე შენდება მწვანე ნარჩენების კომპოსტირების საწარმოსათვის ლითონის კონსტრუქციის, მზის ფოტო-ელექტრო სადგურით აღჭურვილი შენობა, იწყება გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია.
სამუშაო შეხვედრაზე გაიცა დავალებები ცენტრალურ პარკსა და ,,ცივი ტბის“ ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონიის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემისა და საინფორმაციო აბრების განთავსებასთან დაკავშირებით.
მერმა მოისმინა ადმინისტრაციული, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსების ინფორმაცია შესრულებული საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.