წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, ციალა ღვინიანიძეს, 90 წლის იუბილე მიულოცა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენის კავალერს, ციალა ღვინიანიძეს, 90 წლის იუბილე მიულოცა, მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
 ,, წყალტუბო ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალი, განათლებული და შრომისმოყვარე ადამიანებით, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ციალა ღვინიანიძეს, შეუფასებელია მისი ღვაწლი არაერთი მუზეუმის დაარსებისა და განვითარების საქმეში, რის გამოც იმსახურებს საზოგადოების სიყვარულსა და პატივისცემას, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქალბატონი ციალა დღესაც აგრძელებს სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობას. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
ქალბატონ ციალას იუბილე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სერგო კირკიტაძემ, ა(ა)იპ ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის” მმართველმა რევაზ მესხმა, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ქალბატონმა რიმა მარგიანმა, სამუზეუმო გაერთიანების მენეჯერმა ია კუხალაშვილმა და სხვებმა.
,,მუზეუმების დაარსებას, ექსპონატების შეგროვებასა და შესწავლას, ექსპედიციებსა და კვლევებს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევალიე, ძიებისა და შრომატევადი მეცნიერული კვლევის გზაზე იყო სირთულეები, თუმცა ყოველთვის დაუღალავად ვშრომობდი კულტურული საგანძურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის. შევადგინე და გამოვეცი წყალტუბოს თითქმის ყველა სოფლის ისტორია, 90 წლის ასაკშიც მაქვს იდეები და მიზნები, ამჟამად გამოსაცემად კიდევ ერთ წიგნს ვამზადებ, მადლობა თვითმმართველობის პირველ პირებს, კულტურის დარგის წარმომადგენლებს გულთბილი მოლოცვებისა და კეთილი სურვილებისთვის-განაცხადა ციალა ღვინიანიძემ
 ციალა ღვინიანიძემ დააარსა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ წყალტუბოში,  ასევე, გიორგი ახვლედიანისა და ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმები  სოფელ  დერჩსა და სოფელ ჩუნეშში. არის 40 წიგნის და ათეულობით სამეცნიერო შრომის ავტორი.