- 2023-02-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
„ძლიერი თვითმმართველობა ადგილობრივი განვითარების საფუძველია. ძლიერი ნაწილები კიდევ უფრო ძლიერ მთელს ქმნიან. ამდენად, განვითარებული თვითმმართველობა მთლიანი ქვეყნის განვითარების წინაპირობაა“ (ილია). თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმატებული საქმიანობა, პირველ რიგში, მმართველისა და მოქალაქეების წარმატებულ ურთიერთთანამშრომლობას უკავშირდება. მმართველი, რომელიც კარგად იცნობს ადგილობრივ საჭიროებებს და მოსახლეობასთან შეთანხმებით ზრუნავს მათ გადაჭრასა და მოგვარებაზე, შეძლებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განვითარებისკენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე მთელი ცხოვრებითა და საქმიანობით არის დაკავშირებული იმ მუნიციპალიტეტთან, რომლის მართვაც მოსახლეობამ ანდო როგორც თავის რჩეულს:
ჩემი საქმიანობა წყალტუბოსთან ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული. წყალტუბოელები, რომლებთან ერთადაც დღეს ვზრუნავ ქალაქის, როგორც კურორტის და ზოგადად მუნიციპალიტეტის განვითარებაზე, ჩემთვის კარგად ნაცნობები არიან, კარგად ვიცნობ იმ საჭიროებებსაც, რომლებიც აქტუალური პრობლემების არა დროებით, არამედ საბოლოო გადაწყვეტას უკავშირდება.
ბატონო გენადი, რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში?
ჩემი მთავარი სურვილია, ხელი შევუწყო და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო მთავრობის მხარდაჭერით მომზადებული, წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების გეგმის განხორციელებაში.
წყალტუბო თავისი სამკურნალო ფუნქციით გამორჩეულია. ჩემთვის, როგორც რიგითი წყალტუბოელისთვის და როგორც მუნიციპალიტეტის მერისთვის წყალტუბოს დღევანდელობაზე, მის განვითარებაზე ზრუნვა არის უდიდესი პასუხისმგებლობა.
საბედნიეროდ,ვცხოვრობთ ისეთ საინტერესო პერიოდში, როცა წყალტუბოს აღორძინების, მისი საერთაშორისო დონის ,,სპა კურორტად’’ გადაქცევის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სანატორიუმ ,,თბილისის’’ რეაბილიტაციის სამუშაოები. უახლოეს მომავალში წყალტუბო სრულად გამოიყენებს სამედიცინო და ტურისტულ პოტენციალს, მივიღებთ მეტ ტურისტსა და დამსვენებელს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკურ მდგომარეობას.
წყალტუბოს, როგორც კურორტის იერ-სახეს, მისი სიმწვანე და არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშებად ქცეული სანატორიუმები ქმნიდა. რა ხდება დღეს, როგორია ძველისა და ახლის თანაცხოვრება?
წყალტუბო უნიკალური სამკურნალო კურორტია, რომელიც საინტერესოდ აკავშირებს ერთმანეთთან წარსულსა და მომავალს, იშვიათი არქიტექტურის ნიმუშებად აღიარებული სანატორიუმები, აბაზანები, სამედიცინო რესურსი,
სიმწვანე და სილამაზე თავისთავად ქმნის ისეთ გარემოს, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, ამას ემატება სამედიცინო რესურსი, მედიკოსები და საინტერესო ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში აქ ჩამოსული უამრავი დამსვენებლის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ და წყალტუბოს ისტორიას წერდნენ.
ჩვენს ქალაქში არსებული ყავარჯნების მუზეუმიც არის სიმბოლო წყალტუბოს სამკურნალო დანიშნულებისა, რომელიც რადონული წყლების პროცედურების შედეგად გამოჯანმრთელებულ დამსვენებელთა ისტორიებს ასახავს და ყველას არწმუნებს იმაში, რომ წყალტუბო თავისი სამკურნალო ფუნქციით გამორჩეულია.
ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესიის დაწყებასთან ერთად წყალტუბოში ფუნქციონირებს თანამედროვე ტიპის 12 სასტუმრო, ასევე აბაზანები და გამაჯანსაღებელი ცენტრები, სადაც უამრავ დამსვენებელსა და ვიზიტორს იღებენ, პანდემიის შემდეგ აქ ჩამოსული ტურისტების რიცხვი გაიზარდა, უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს ასევე ,,პრომეთეს’’, ,,სათაფლიასა’’ და ,,თეთრა’’ მღვიმეებს.
სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები, წესრიგდება ცენტრალური პარკი, გრძელდება რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა და გამწვანების სამუშაოები, მრავალწლიანი მცენარეების განაშენიანებისა და განახლების მიზნით დარგულია 2000- ზე მეტი მარადმწვანე მცენარე, მათ შორის უნიკალური ჯიშის ზეთისხილის ხეები.
წყალტუბოს პოპულარიზაციის, ცნობადობის გაზრდის, მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი კავშირების დამყარების მიმართულებითაც. გასულწელს ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი ევროკავშირის ქვეყნებში: რუმინეთსა და ლიეტუვაში, მიმდინარე წელს მიწვეულები ვართ იტალიის საკურორტო ქალაქ სალსო მაჯჯორნეში, სადაც ასევე საფუძველი ჩაეყრება ქალაქების დაძმობილებას, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას როგორც ტურიზმისა და ეკონომიკის, ასევე კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებში.
ვიზიტორთა სიმრავლით დაინტერესება, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აუცილებლად ითვალისწინებს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ მუნიციპალიტეტში?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს, რაც ჩვენი მწვანე ქალაქის ურბანული განახლებისა და განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
2022 წელს განახლდა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე 6 მრავალსართულიანი კორპუსი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეორე სკოლასთან მისასვლელ მრავალსაფეხურიან კიბეს, მოეწყო სკვერები, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 6 საცხოვრებელი კორპუსის, საფეხმავლო ზოლის რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების მოწყობა.
პროგრამისგანხორციელების შედეგად მთლიანად შეიცვალა წყალტუბოს შემოსასვლელი და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა. ამავე პროგრამის ფარგლებში 2023 წელს წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე იგეგმება რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია.
2022 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი, ახალი გზები დაიგო 25 სოფელში და ქალაქის – 20-ზე მეტ მისამართზე. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა როგორც რეგიონული განვითარების ფონდიდან, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან.
დაიწყო ქალაქ წყალტუბოს წყალარინების ქსელის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები; პროექტის ღირებულება 24 მილიონი ლარია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სოფელში გზასთან ერთად მოწესრიგებული იყოს სასმელი წყლის ქსელი, სწორედ ამიტომ 2022 წელს დაიწყო წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის 10 სოფელში.
ამა თუ იმ რეგიონში საზოგადოებრივი ცხოვრების დონის ამაღლება მჭიდროდ უკავშირდება ახალგაზრდების წარმატებებს. როგორ ზრუნავს წყალტუბოში ადგილობრივი ხელისუფლება განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე ?
ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა უმთავრესია, რადგანაც მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს იმ ქვეყნის განვითარებაში, რომელმაც ღირსეული ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპულ ოჯახში და ამავდროულად შეინარჩუნოს ჩვენი ეროვნული ფასეულობები. მოხარული ვარ, წყალტუბოში ბევრი მიზანდასახული ახალგაზრდა ცხოვრობს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შევუქმნათ როგორც განათლების მიღების, ასევე თვითრეალიზაციის პირობები.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი ყოველთვის ვესწრები იმ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, სადაც ახალგაზრდები მონაწილეობენ, გასულ წელს ჩემი ინიციატივით ფულადი ჯილდო მიიღეს წარმატებულმა წყალტუბოელმა სტუდენტებმა, სპორტსმენებმა, ასევე ვეხმარებით იმ მოსწავლეებს, რომელთა საყოფაცხოვრებო პირობები მძიმეა.
ახლახან ჩამოყალიბდა ქორეოგრაფიული ანსამბლი, დასაქმდა 45 ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა. ანსამბლისარსებობა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებისათვის. 2022 წელს წყალტუბოში აშენდა ორი ახალი სკოლა სოფელ გეგუთსა და წყალტუბოში, მიმდინარე წელს კი იგეგმება ახალი სკოლის აშენება სოფელ ოფშკვითში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლამდელი განათლების მიღებას, ამ ეტაპზე წყალტუბოში გამართულად ფუნქციონირებს 23 საბავშვო ბაღი, 2023 წელს იგეგმება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა სოფელ გუმბრაში, ასევე ქალაქ წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩაზე. გასულ წელს მოეწყო წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის მოედნის საფარი, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა მუნიციპალიტეტში არსებულ ათამდე სპორტულ მოედანს.
2022 წელს წელსდაიწყო და გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა თამარ მეფის ქუჩაზე;
ბატონო გენადი, ვიცით, რომ ყოველდღიურად უამრავ მოქალაქეს იღებთ და აკეთებთ ყველაფერს მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად, თუ შეგიძლიათ გვიამბეთ იმ სოციალურ პროგრამებზე, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული ?
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 4798000 ლარით და შეადგენს 24915,0ათ.ლარს.
მინდა დავაანონსო, რომ მიმდინარე წელს ვიწყებთ უსახლკარო, გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრები სახლების აშენებისა და გადაცემის პროცესს.
პირველ ეტაპზე საცხოვრებელი სახლი გადაეცემა ორ მრავალშვილიან ოჯახს, რომლებსაც მერიაში სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს.
მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელს ერთჯერადი დახმარებების მუხლში გავზარდეთ არსებული თანხა სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებზე, 2023 წლიდან დაემატება 2-იდან 18 წლამდე ბავშვების სტაციონარული მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა , სულ დაიხარჯება 50 ათასი ლარი;
განსაკუთრებით მძიმე და საშიში დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა , რომელიც დაფინანსებულია 50 ათასი ლარით;
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებისა და დახმარების, ასევე, განსაკუთრებით მძიმე და საშიში დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამებისთვისაც 50-50 ათასი ლარია გამოყოფილი.
გარდა სოციალური პროგრამებისა, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ მოცულობითია, წყალტუბოში მოქმედებს უფასო სასადილო, სადაც 200 ბენეფიციარის კვებას უზრუნველყოფენ, ასევე მოქმედებს შინ მოვლის პროგრამა,
ფუნქციონირებს ინკლუზიური ცენტრი, ამ დაწესებულებაში 17 ბენეფიციარს ემსახურება ფსიქოლოგი, ლოგოპედი და პედაგოგები. ჩემს გუნდთან ერთად ვცდილობთ ყოველთვის დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები და მაქსიმალურად შევეცადოთ გავუწიოთ საჭირო სახის დახმარება.
2023 წელს წყალტუბოს თვითმმართველობას დაგეგმილი აქვს თუ არა გრძელვადიანი შედეგებზე გათვლილი პროექტების განხორციელება, რომლებიც ძირითადი პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფენ ?
დაგეგმილია ვაზნარის ღელის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საუკუნის პროექტის განხორციელება, ე. წ ვაზნარის ღელე ძლიერი წვიმების დროს დიდდება, ათეული წლების განმავლობაში იტბორებოდა მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა და ქალაქის ტერიტორიის ნაწილი, პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და მოგვარდება მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა.
2023 წელს იგეგმება საკონცერტო დარბაზ „ივერიის“ სრული რეაბილიტაცია პროექტის განხორციელებისთვის სავარაუდოდ 4 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება;
2023 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით პირველ ეტაპზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის 23 პროექტი, მათი ჯამური ღირებულება – 5 5512013 ლარს შეადგენს, შესაბამისი ტენდერები უკვე დასრულებულია.
საქმის კეთების პროცესში კრიტიკულ მოსაზრებებსაც ვერ ავცდებით, რამდენად თვითკრიტიკული ხართ და როგორია თქვენი დამოკიდებულება კრიტიკული შენიშვნების მიმართ?
ყოველი ჩემი ნაბიჯი ფიქრისა და ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგია, კრიტიკულ მოსაზრებებს არ აღვიქვამ მტრული დამოკიდებულების გამოვლენად, ვცდილობ ვაქციო ის ამა თუ იმ საკითხზე ფიქრის გაგრძელების, თვალსაწიერის გაფართოების შესაძლებლობად.
–რა არის თქვენი მთავარი სათქმელი წყალტუბოელებისათვის?
წყალტუბოს შენებისა და განახლების პროცესი დაწყებულია, ერთიანობით, მთავრობის სწორი პოლიტიკური კურსის გატარებითა და პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვით, აუცილებლად შევძლებთ წყალტუბო მომავალ თაობას გადავცეთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, განახლებული სანატორიუმებით, თანამედროვე ტურისტული სივრცეებით, რათა შეძლონ წყალტუბოში დასაქმება და მწვანე ქალაქის მოვლა და კიდევ უფრო განვითარება .