წყალტუბოში სპორტის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

წყალტუბოში სპორტის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
დღის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იყო რეგიონული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ხელბურთში, რომელშიც წყალტუბოს გუნდებთან ერთად იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. თამაშები დაძაბულ და სანახაობრივ გარემოში წარიმართა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გივი თალაკვაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტურნირს – მძლეოსნობაში, რომელშიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სკოლები მონაწილეობდნენ. ტურნირში აქტიურად ჩაერთო დაახლოებით 200-მდე მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მარათონულ გარბენში, ამანათრბენში, ბირთვის კვრასა და 60 მეტრზე გარბენში შეეჯიბრნენ.
სპორტული დღის პროგრამა ასევე მოიცავდა ჭადრაკისა და მკლავჭიდის შეჯიბრებებს, სადაც აქტიურად ჩაერთნენ მოყვარული სპორტსმენები.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის, სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლისა და ანსამბლ „ქორეოგენი“-ს აღსაზრდელებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი- დავით გორდელაძე, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე- რევაზ რობაქიძე.
ღონიძიება ჩატარდა ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით.