წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს შორის გაცვლითი ღონისძიებით აღინიშნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს შორის გაცვლითი ღონისძიებით აღინიშნა.
შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭეიშვილი ესწრებოდნენ. ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების შესახებ მომზადებული პრეზენტაციები ახალგაზრდებმა წარადგინეს, ისაუბრეს თავიანთი მხარის საკურორტო პოტენციალის შესახებ და დასახეს სამომავლო გეგმები.
„მზად ვარ მოვისმინო და მხარი დავუჭირო ახალგაზრდების მიერ გაჟღერებულ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება ბაღდათისა და წყალტუბოს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, საკურორტო პოტენციალის პოპულარიზაციისა და წინსვლისაკენ“,_ აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.
2017 წლიდან წყალტუბო და საირმე „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების“ ასოციაციის წევრები არიან. მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურებისა და ორივე ქალაქის ტურიზმის ცენტრების ორგანიზებითა და ახალგაზრდების ჩართულობით გაცვლითი ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა.
წყალტუბოს შესახებ პრეზენტაცია მომზადდა ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ეკოლოგიის წრის (ხელმძღვანელი ცირა ბერეკაშვილი) ბაზაზე, მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების ჩართულობით.
ბაღდათის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინეს ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს ტურისტული კლუბის წევრებმა. მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსმა, გოჩა ხორავამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო გოგავამ.
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. დღეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს არ აქვს საშუალება ისარგებლოს სუფთა წყლით. 22 მარტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენება და რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.